„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის ინფორმაციით, ბაჩიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა ეტლით მაინც გადაადგილდება, ვინაიდან კოორდინაციის პრობლემა აქვს.
ამასთან, ჯანდიერმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, რომ დღეს მიმართავენ პენიტენციურ სამსახურს იმის თაობაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მედიკოსების მოთხოვნა იარსებებს დამატებით სამედიცინო სერვისებზე, დაუყოვნებლივ მიაწოდონ.
„გიორგის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკი აქვს, თუმცა ეტლით გადაადგილდება, ვინაიდან კოორდინაციის პრობლემა აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
დღეს ჩვენ მივმართავთ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვთ ყველა სრულყოფილი კვლევა ჩაუტარდეს, რაც საჭირო იქნება, რათა მისი მდგომარეობა შეფასდეს, ასევე, თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება სხვა დამატებით სამედიცინო სერვისებზე, მისთვის მიწოდებული იყოს. ასევე, დღესვე მივმართავთ პენიტენციურ სამსახურს, რომ მას შემდეგ, რაც ის გამოჯანმრთელდება, დაბრუნდეს რუსთავის #12 საპატიმროში. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის, ეს რისკი განსაკუთრებით მომატებულია იმავე დაწესებულებაში, სადაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს ინციდენტი კი შეიძლება შეფასდეს წამებად და არაადამიანურ მოპყრობად. მნიშვნელოვანია რისკების მინიმალიზაცია მოხდეს და ამით არის განპირობებული ეს მოთხოვნაც.
ასევე დავაყენებთ მოთხოვნას, რომ საკანში მარტო იმყოფებოდეს, გასაგებია, რომ მარტო ყოფნა სხვა ტიპის პრობლემებს წარმოშობს პატიმრისთვის, თუმცა, რისკების და მომხდარის გათვალისწინებით სჯობს მარტო იმყოფებოდეს მუდმივი ვიდეოკონტროლის დაკვირვების ქვეშ“, -აღნიშნა ჯანდიერმა.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
